მარიამ ქართველიშვილი
სერგეენკო: მედიკამენტური მკურნალობის ასანაზღაურებლად ახალი პროგრამა იქმნება
პოლიტიკა

შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანიებთან
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვა განიხილეს. მინისტრის განმარტებით, გაჩნდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ადამიანების გარკვეულ კონტინგენტს ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტებს მიაწვდის. ესენია: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ენდოკრინოლოგიის ნაწილი და სასუნთქი სისტემის დაავადებები.
მინისტრის თქმით, 600 000-მდე ადამიანი, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქეალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ. დახმარებას ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები მიიღებენ. დავით სერგეენკომ ახალი პროგრამის ბიუჯეტზეც ისაუბრა. "პირველ ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. პროგრამა განხორციელდება შემდეგნაირად: სახელმწიფო აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას; აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის სერთიფიკატი ამა თუ იმ მედიკამენტებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ შეხვედრაზე მედიკამენტების ლაბორატორიის არარსებობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რეგისტრირებული მედიკამენტი არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი მაღალია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი მედიკამენტების კომპონენტი, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში ამოქმედდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები 1 მარტიდან ამოქმედდა. ცვლილება პირველ ეტაპზე სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს შეეხო. პროგრამაში ჩასართავად ორი კრიტერიუმია საჭირო: დაწესებულებამ, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, შესაბამისი დონე უნდა მოიპოვოს და წელიწადში, სულ მცირე, 500 მშობიარე უნდა ჰყავდეს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, შერჩევითი კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.





