imedi
კვირიკაშვილი: ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდება
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა.
"ძალიან მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ ეს ინტეგრაციის პროცესი გახადოს შეუქცევადი და ასევე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი, ხდება უფრო და უფრო ღრმა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა ინტეგრაციის და ეს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები ცვლილებები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა 9 აპრილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ 28 წლის წინ ქართველებმა სიცოცხლე გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ”დიდი იმედი მაქვს საქართველო ააშენებს ისეთ მომავალს, რომელზეც ოცნებობდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის განუყოფელი ნაწილი საქართველოს მომავლის ჩვენეული ხედვისა და ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება. სახალხო დიპლომატიის ფორუმი არის განუყოფელი ნაწილი იმ ინტეგრაციის პროცესისა, რომელშიც ვიმყოფებით", - განაცხადა პრემიერმა.





