ბიბილოვის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათი კანდიდატი იმარჯვებს
პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერები მათი კანდიდატის გამარჯვებაზე საუბრობენ. ინფორმაციას tass.ru ავრცელებს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ცხინვალის რეგიონში ხმების დათვლა ამ წუთებშიც გრძელდება. ბიბილოვის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, ელინა მარზოევას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა 16502 ხმა მიიღო, ლეონიდ თიბილოვმა - 9542, ალან გაგლოევმა კი - 2988.
თუ ეს მონაცემები დადასტურდა, პირველივე ტურში ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე გაიმარჯვებს. ამასთან, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ნაწილიც იუწყება, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ბიბილოვი ლიდერობს. უბნების დახურვის შემდეგ კი, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ ადგილზეა მოქმედი დე-ფაქტო ლიდერი თიბილოვი და მოსალოდნელია მეორე ტური.





