დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებული პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
პოლიტიკა

ბათუმი
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებული პოლიციელი გია ხალვაში სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, ხალვაშის წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა დისციპლინური საქმის წარმოება, ეს არ უკავშირდება კონკრეტულად ბათუმის მოვლენებს, რამდენიმე სამსახურეობრივ გადაცდომაზე იყო საუბარი და ხალვაში დაკავებული თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა.
ბათუმის მოვლენებზე ერთ-ერთი დაკავებულის პროცესზე გია ხალვაშმა და მისმა მეწყვილე მეგი ხუნწელიამ ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები მისცეს. პროცესის შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ ის მეწყვილემ შეიყვანა შეცდომაში, ხუნწელიამ ჩვენება მეუღლის გამო შეცვალა, ხალვაში იწმუნებოდა, რომ ის სუსის თანამშრომელია. ფაქტი შსს-მ მალევე უარყო.
11-12 მარტის ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში 18 პირი ამჟამად იმყოფება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე - რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე დაუმორჩილებლობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





