სურამის ფსიქიატრიული კლინიკა სრულად განახლდა
პოლიტიკა
სურამის ფსიქიატრიული კლინიკა სრულად განახლდა. მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში პრობლემების მოსაგვარებლად დროებითი მმართველი სპარტაკ ბუკია დაინიშნა, შენობა მთლიანად გარემონტდა, ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, ავეჯი განახლდა. ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისში და პაციენტები ტერიტორიული პრინციპით ნაწილდებიან.
სურამის განახლებული ფსიქიატრიული კლინიკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაათვალიერა. ლომჯარია კლინიკაში 2018 წლის მარტშიც იყო და მაშინ ომბუდსმენმა იქ არსებული ინფრასტრუქტურა და პირობები ბენეფიციარებისთვის ღირსების შემლახავ გარემოდ შეაფასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში განთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა.
მიუხედავად სურამის დაწესებულების პაციენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ვერ ჩაითვლება მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხად. ლომჯარიას შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში კვლავ სერიოზული გამოწვევებია. დღეისათვის 10 დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას.




