imedi
კვლევა: სოფლის მეურნეობით ახალგაზრდები განუვითარებელი სოფლების გამო არ ინტერესდებიან
პოლიტიკა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის - "დასაქმების გლობალური ტენდენციები" - მიხედვით, მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობაზე დასაქმების 32% მოდის, აზიასა და წყნარ ოკეანეთში – 39%. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა იშვიათად ხვდება ახალგაზრდების საოცნებო სამსახურების სიაში. ამის შესახებ enpard.ge წერს.
საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ამ დარგში დასაქმება მძიმე გარემოებების შედეგია და არა ნებაყოფლობითი კარიერული არჩევანი. სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა ქართველებს სოფლის მეურნეობა არ იზიდავს და ამ დარგით დაინტერესებულ სტუდენტთა რიცხვი, სხვა სპეციალობებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.
საქსტატის მონაცემებით, ქართველი სტუდენტები ყველაზე ხშირად სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესს, იურისპრუდენციას, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო დარგებს ირჩევენ, სოფლის მეურნეობაში განათლებაზე მოთხოვნა კი გაცილებით დაბალია. ეს ტენდენცია არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ, სტუდენტების მოსაზიდად, სოფლის მეურნეობის განხრით სწავლება უფასო გახადა.
როგორც სტატიაში წერენ, კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობის სექტორში, ძირითადად, შემდეგ გამოწვევებს აწყდებიან: განათლების და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობის ნაკლებობა, შეზღუდული წვდომა ფინანსებზე, სოფლის მეურნეობის უარყოფითი იმიჯი და განუვითარებული სოფლები.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით ვითარების გამოსწორებისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამაში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საგნების დამატება შეიძლება იყოს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარი წარმატებული მაგალითები მსოფლიოში არსებობს.
მეორე მნიშვნელოვან ასპექტად სტატიის ავტორები სოფლის განვითარების აუცილებლობას ასახელებენ. ამასთან, ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვისთვის აგრობიზნესისთვის მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიცემას და ახალგაზრდა ფერმერების სტარტ-აპ ფაზაში დახმარებას მიიჩნევენ.





