ნათია ორველაშვილი
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ ხეების ჭრა გააპროტესტა
პოლიტიკა
ხმაური იყო თბილისში, თამარაშვილის 13 ნომერში, სადაც კომპანია "გრინ სითის" წარმომადგენლებს მოსახლეობამ ხეების მოჭრის საშუალება არ მისცა. ადგილობრივების თქმით, მუშები სპეციალური ტექნიკით შემოღობილ ტერიტორიაზე რამდენიმე ხის მოჭრას გეგმავდნენ. ეს ფაქტი მოსახლოებამ გააპროტესტა. ისინი "პარტიზან მებაღეებსაც" დაუკავშირდნენ.
მუშებმა ორი ჭადრის მოჭრა მოასწრეს. პარტიზანებმა და მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა კომპანიის წარმომადგენლებს ხეების ჭრის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილზე მომუშავე ადამიანებმა მათ ნებართვაც აჩვენეს, რომელსაც ხელს მერიის გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბიძინა გიორგობიანი აწერს.
კომპანია "გრინ სითის" იურისტის განცხადებით კი, ხეები არ მოუჭრიათ და მსგავსი არც არაფერი იგეგმება. მისი თქმით, ტერიტორიაზე ხეების გადაბელვის სამუშაოები ჩატარდა.





