საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ამგვარი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. მიგვაჩნია, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად.“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან "ტომაჰავკის" ტიპის 50-60 რაკეტა გაუშვა.





