ომბუდსმენი ზაზა ფაჩულიას დისკრიმინაციაში ამხელს
პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი ზაზა ფაჩულია უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის მორიგი ფაქტი დაადგინა. ნანუაშვილის უწყება, "ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას" თანამშრომლის სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ომბუდსმენის ოფისი ფიქრობს, რომ აკადემიის თანამშრომელი ზაზა ფაჩუალიას და ლევან კობიაშვილის მეგობრობას შეეწირა.
სახალხო დამცველის ოფისს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თავად მიმართა. საქმის შესწავლის შემდეგ კი, სახალხო დამცველმა დადასტურებულად მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლის და დირექტორის ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და დეპუტატის, ლევან კობიაშვილის შესახებ.
სახალხო დამცველის ოფისი, ზაზა ფაჩულიას განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
ნანუაშვილის უწყებამ, შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ რეკომენდაციით მიმართა და მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.
imedinews.ge-ი ლევან კობიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი არც ქუთაისშია, სადაც პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლაა და არც სატელეფონო ზარს პასუხობს. რაც შეეხება აკადემიის რექტორს, გიორგი ალავიძეს, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს - ამის შესახებ imedinews.ge-ს "ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში" განუმარტეს.





