დიტო ყირიმლიშვილი
თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ჯარიმები 50 ლარიდან დაიწყება
პოლიტიკა

,,თამბაქოს კონტროლის ალიანსის " თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში კაცების 60%-ია მწეველი, ხოლო ქალების 18 %-ი, ეს კი საერთო მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ბახტურიძის განმარტებით, არსებული მდგომარეობა კატასტროფულია და მოქმედი კანონები უნდა დაიხვეწოს. კერძოდ, საჭიროა კანონი აღსრულებადი გახდეს და ადგილზე საჯარიმო სანქციები გაიზარდოს.
"თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა განმარტა, რომ კანონის ადმინისტრირებას ფიზიკურ პირებთან მიმართებაში შსს, ხოლო იურიდიულ პირებთან ფინანსთა სამინისტრო მოახდენს. პროცესში ჩაერთვებიან სხვა უწყებებიც. ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის ობიექტებზე, ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ტრანსპორტის შესაბამისი სამსახურები იქნებიან. ” ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 50 ლარიდან დაიწყება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. იურიდიულ პირებზე მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით ჯარიმა 500 ლარიდან დაიწყება. განმეორების შემთხვევაში ეს თანხაც ორმაგდება. იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო სანქცია 2000 ლარს აცდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო შემოდის. მაქსიმალური საჯარიმო სანქცია 10 000 ლარია დიზაინის დარღვევის შემთხვევაში”, - განმარტა გიორგი ბახტურიძემ.
პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რომლის თანახმადაც დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.





