imedi
გიორგი თევდორაშვილი: მამა გიორგის არ უთქვამს, რომ შიმშილობს
პოლიტიკა

გიორგი თევდორაშვილი
საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ დაკავებული მამა გიორგი მარხულობს და არა შიმშილობს. ამის შესახებ დეკანოზმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან, დაკავებული გიორგი მამალაძის ნახვის შემდეგ განაცხადა.
„მამა გიორგი არ ამბობს, რომ შიმშილობს, ის უფრო მძიმე მარხვაზეა. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს.“-დასძინა დეკანოზმა.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ციხეში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მისთვის ხარების დღესასწაულის მისალოცად იმყოფებოდა.
ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგიმ (მამალაძე) შიმშილობა 5 აპრილს დაიწყო. ბრალდებულის ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





