ლეილა ჯავახიშვილი
პარლამენტთან გარემოვაჭრეთა აქცია მიმდინარეობს
პოლიტიკა

გარემოვაჭრეთა აქცია
ფოტო: ლელა ჯავახიშვილი
გარევაჭრობის მოწესრიგების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით გარემოვაჭრეებმა დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას გარევაჭრობის უფლებასა და დახმარებას სთხოვენ. ასევე მოუწოდებენ გაითვალისწინონ ევროპულ ქვეყნებში არსებული გარევაჭრობის პრაქტიკა. აქციის მონაწილეებს "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელიც შეუერთდა. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა. მან ასევე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაგრძელებისთვის, რომელიც პარლამენტში 2011 წელს წარადგინა. საუბარია გარევაჭრობის შესახებ კანონში ცვლილებებზე, რომელიც საქმიანობის განხორციელების წესებს არეგულირებს.
თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარევაჭრობა აიკრძალა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, სადგურის, დინამოსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა არ უნდათ, რადგან სალარო აპარატის გამოყენება მოუწევთ და ამ შემთხვევაში მათ მოგება არ დარჩებათ. თბილისის მერია კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის უფლებას აღარ მისცემს.





