დარეჯან ჩხიკვაძე
სარფში მომხდარ ინციდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან
პოლიტიკა

სარფის საბაჟო
ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოსთვის საქართველოს მოქალაქესა და თურქ მებაჟეებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილია. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, დღეს, დილის 6 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს.
თურქი ძალოვნების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ისე საქართველოს მოქალაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხებიან პროკურატურაში. ტელეიმედი დაუკავშირდა ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს კონსულტანტს გიორგი ყურშიტაშვილს, რომელმაც განაცხადა,რომ ხოფის პროკურატურიდან დამატებით მასალებს ელოდებიან.
სარფის საბაჟოზე დილიდან ხმაური იყო. საბაჟოსთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებდა. ისინი ამბობენ, რომ დილით როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე მებაჟემ მასზე ფიზიკურად იძალადა.





