სოფიკო ბერიძე
პრეზიდენტი: მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელია
პოლიტიკა

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა
ფოტო: სოფო ბერიძე
"არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება. პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამ კონტექსტში პრეზიდენტმა მის მიერ დაწყებული კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” გაიხსენა და დასძინა, რომ ეს კამპანია მიზნადბ ისახავს ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩართვას კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მიმართა. "ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელი და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში."-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლებს მოუწოდებს ხალხს მოუსმინონ. "თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა."- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტი გამოდის სიტყვით. პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს კანონმდებლები, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპკორპუსი უსმენს.





