პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: Facebook
ცილისწამება არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე დისკუსიისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის და ამ კუთხით მუშაობა უნდა დაიწყოს.
„კონსტიტუციით პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, მორალური ინიციატივა, “აწიოს“ რომელიმე თემა და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას, საზოგადოებას. ეს ისეთი თემაა, რაც აწუხებს საზოგადოებას. წამოიწყო ვნებათაღელვა საზოგადოებაში და საჭიროა ამის დაწყნარება. ამავე დროს აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა, რომელმაც ცილისწამების წინააღმდეგ კანონი მიიღო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მხრივ სწორი ზღვარი იპოვოს, რომ სიტყვის თავისუფლებას არაფერი დაემუქროს.
„ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მზა ტექსტი არ გვაქვს. ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან ამ თემაზე ჰქონდეს დისკუსია. შემდეგ ეს გამოვიყენოთ დისკუსიებში საკანონმდებლო ორგანოსთან, როცა საკითხზე იქნება განხილვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





