ნინო არღვლიანი
"ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
პოლიტიკა

ოთარ კახიძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას სთხოვენ. "ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებით დაკანონდა სუს-ის ხელმძღვანელის მონოპოლია, რაც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე ცვლილებები ქმნის საფრთხეს, რომ მოსმენები უკანონოდ იყოს გამოყენებული", - განაცხადა ფრაქციის წევრა ოთარ კახიძემ.
ოპოზიცია კანონის არსებული რედაქციის გასაჩივრებას საკონსტიტუციოს გარდა, ევროპულ სასამართლოშიც აპირებს.
საქართველოს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია. პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ კანონი გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.





