განათლების კანონში ცვლილებები მზადდება
პოლიტიკა

ალექსანდრე ჯეჯელავა
ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები იგეგმება. პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. ერთ-ერთი საგულისხმო ცვლილება სკოლების სხვადასხვა ტიპებად დაყოფას ეხება, სწორედ სელექციის მიხედვით გადაწყდება სკოლების დაფინანსება.
საპარლამენტო ოპოზიცია პროექტს აკრიტიკებს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები სასკოლო სისტემას დაანგრევს. არასასურველი შედეგების მიღებას ფიქრობენ განათლების სფეროს წარმომადგენლებიც. განათლების საკითხებში ექსპერტ შალვა ტაბატაძის აზრით, დაგეგმილი ცვლილება განხილული არ ყოფილა საექსპერტო წრეებში, მისი თქმით, ცვლილებამ შესაძლოა სკოლებს კარგის და ცუდის სტატუსი მიანიჭოს და მივიღოთ საჯარო სკოლები, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები გააჩნია.
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, სკოლები მოსწავლეთა კონტიგენტითა და მატერიალური შესაძლებლობებით დაჯგუფდება და სამინისტროს თითოეულ სკოლასთან განსხვავებული მიდგომა ექნება.
კატეგორია ერთი, სადაც 200-მდე მოსწავლეა; კატეგორია ორი, სკოლები, რომლებიც განსაკუთრებული ნიშნით არ გამოირჩევიან; კატეგორია სამი, რომელშიც შევა ე.წ. ძლიერი სკოლები, რომლებსაც მეტი თავისუფლება მიენიჭებათ.
რომელ კატეგორიასთან რა წესით იხელმძღვანელებს სახელმწიფო, ამის შესახებ განათლების სამინისტროში ჯერ მხოლოდ ხედვა არსებობს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ხედვის კანონად ქცევამდე ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. პარლამენტში განათლების კომიტეტი პროექტის განხილვას უკვე იწყებს.





