თამარ გაზდელიანი
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
პოლიტიკა

აქცია პარლამენტთან
ფოტო: თამარ გაზდელიანი
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა მხარდამჭერებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს, საავტმობილო მოძრაობა იქ შეზღუდულია. აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც.
პარლამენტის შენობის წინ ნაციონალებმა 8 კარავიც გაშალეს. როგორც ზაალ უდუმაშვილმა თქვა, ისინი სამოქმედო გეგმას, პარტიაში კონსულტაციის შემდეგ გააცნობენ შეკრებილებს.
"კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიტაცოს სახელმწიფო ერთმა ადამიანმა, არავის მისცე უფლება, გამოხატოს თავისი თავი. ეს იყო ჩუმად ჩატარებული ინაუგურაცია იმ 200 ადამიანისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ მას", - თქვა უდუმაშვილმა.
ცოტა ხნის წინ საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა.

ფოტო: ლევან წუწუნავა

ფოტო: თამარ გაზდელიანი
დღეს გურჯაანსა და თელავში ნაციონალების მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რათა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაეპროტესტებინათ. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი თქვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღის განმავლობაში "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.
აქციაზე პოლიციელებიც დაშავდნენ, ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ.
შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარზე სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება, ამასთან მან ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო და ამ რანგში პირველი სიტყვაც წარმოთქვა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.





