პაპუნა შუშანია
წულუკიანი: პრეზიდენტმა საკუთარი გუნდი სანდო ადამიანებისგან უნდა დააკომპლექტოს
პოლიტიკა

თეა წულუკიანი
ფოტო: პაპუნა შუშანია
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებამ ოქროს შუალედი უნდა იპოვოს, ისე რომ საჯარო მოხელის ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისთვის სანდო ადამიანებისგან საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს.
,,როცა ჩვენ ვირჩევთ ან ვნიშნავთ პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანს, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული შესაძლებლობა რომ თავისუფლად შეადგინოს საკუთარი გუნდი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება გაუჭირდეს საკუთარი პრიორიტეტების განხორციელება, გეგმების შესრულება და ხედვების ცხოვრებაში გატარება. აქედან გამომდინარე, ეს შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტს და ყველა პოლიტიკურ ფიგურას უნდა ჰქონდეს. რა ხარისხით უნდა შეიცვალოს კანონი, ეს უნდა შეეხოს ყველა პოზიციას, თუ არ უნდა შეეხოს, ეს მსჯელობის საგანია. შესაბამისად, ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ ისე, რომ საჯარო მოხელის ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს შესაძლებლობა რომ მისთვის სანდო ადამიანებისგან საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს. ვფიქრობ ეს სასიცოცხლოა,"-განაცხადა წულუკიანმა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსი უწყდებათ. ისინი ვალდებულები ხდებიან, ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გააფორმონ. ისინი სამსახურში კონკურსის გარეშე შეირჩევიან.





