მარიამ პაკაცოშვილი
"თბილისის თამბაქოს" თანამშრომლებმა აქცია გამართეს
პოლიტიკა

"თბილისის თამბაქოს" თანამშრომლებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ფადი ასლის და თამბაქოს არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებს ქართული წარმოების განადგურება სურთ.
საპროტესტო აქცია გაიმართა "ევროპული საქართველოს" სათავო ოფისთანაც, სლოგანით - "არა ასლის ასლებს".
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარის, ფადი ასლის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელმაც Philip Morris-ი და British American Tobacco "თბილისის თამბაქოს" და "ომეგა ჯგუფის" საჩივარზე დააჯარიმა, კორუმპირებულია. "დღეს ოფისი დახურულია, რამდენიმე კორუმპირებული მოსამართლის მიმართ პროტესტის ნიშნად, " - გამოკრულია განცხადება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისთან.
მოსამართლის გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც" - "სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე კონკურენციის კანონის დარღვევა, ასევე - სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, იყო თუ არა Philip Morris-ი თამბაქოს ბაზარზე დომინანტი. სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება იმ პირობებში, როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს".
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის, დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს.





