თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ეს რეგულაციები 2019 წლიდან ამოქმედდება.
მისივე განმარტებით, ტაქსების ორი კატეგორიის ლიცენზია იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ ვალდებულება, იყვნენ თეთრი ფერის, ხუთკარიანი, მარცხენასაჭიანი და გავლილი ჰქონდეთ ტექდათვალიერება, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება.
რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ არ ექნებათ ვალდებულება, იყვნენ თეთრი ფერის, ასევე ისინი ვერ ისარგებლებენ იმ უპირატესობით, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს მიენიჭებათ. კერძოდ, ეს არის საპარკინგე ადგილის გამოყოფა და რეკლამის განთავსებას.
ჟორჟოლიანის თქმით, თუ ტაქსი იქნება ელექტრომობილი, პარკინგის გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდება, ხოლო A კატეგორიის ტაქსებს დაურიგდებათ ვაუჩერები, რომლის საშუალებითაც ავტომობილების გადაღებვას შეძლებენ.
საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.
თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.





