მილანში ეუთოს მინისტერიალი იხსნება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს
პოლიტიკა

ფოტო: facebook
მილანში დღეს ეუთოს მინისტერიალი იხსნება, რომელშიც ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ეუთოს მინისტერიალზე უკვე წლებია, რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო, ვერ ხერხდება საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება, რადგანაც ეუთოში მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი. თუ ერთი ქვეყანა წინააღმდეგია, გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ მუდმივად, ჩვენ გვიხდება ამ პრობლემასთან გამკლავება.
უკვე რამდენიმე წელია გვაქვს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატი, სწორედ ამ ჯგუფში ვცდილობთ, რომ ჩვენთვის აქტუალური საკითხების შეფასება მოხდეს და ბუნებრივია, წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა არის განხორციელებული. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი მიიღებს შესაბამისს დეკლარაციას, განცხადებას, რომელშიც ყველა ეს პრობლემა იქნება ადეკვატურად ასახული”,- განაცხადა ზალკალიანმა.





