მარიამ პაკაცოშვილი
ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: მარიამ პაკაცოშვილი
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულების რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც პროკურატურასთან აქციას მართავენ, და მათ უფლებადამცველებს პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა.
შეხვედრა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
შეხვედრის შემდეგ იურისტებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ პროკურატურის წარმომადგენლის მხრიდან ობიექტური და სამართლიანი გამოძიების ჩატარებასა და გამოძიების უახლოეს პერიოდში დასრულებაზე მიიღეს დაპირება.
თბილისის მთავარ პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულები აქციას მართავენ.
რამდენიმე მონაწილემ ხელები ბორკილებით დაიბა. ისინი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. მათთან ერთად იმყოფება დაზარალებულთა უფლებადამცველი და "ადვოკატთა ასოციაციის'' თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და ამ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ.
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ დაკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა, რაც ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აქვთ.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს 3 000 ლარი, 24 მარტს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თბილისის საკრებულომ შესთავაზა. ისინი საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





