ლევან მორჩიაშვილი
დაკავებული დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
პოლიტიკა

მიხეილ რამიშვილი
დაკავებული დეკანოზ გიორგის (მამალაძე) ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიორგი მამალაძე პატიმრობაში დარჩა. ამისთვის მათ 48 საათი აქვთ.
დეკანოზის ადვოკატები გიორგი მამალაძისთვის გირაოს სახით 20 000 ლარის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილეს. ბრალდებულის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შეფასებით, საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შერჩევითი სამართალი. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება და განმარტება, დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, აბსურდული იყო. მოსამართლის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვების მოტივი მოწმეზე შესაძლო ზეწოლა, ქვეყნიდან გაქცევა ან მტკიცებულებების შესაძლო განადგურება იყო. დეკანოზის ადვოკატების თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გაასაჯაროვა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





