imedi
პრემიერი: ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის დადებითი ცვლილებებისთვის დიდი მოტივაციაა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკი
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართა. დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.
გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა მიულოცა.
პრემიერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.





