ზალკალიანი უკრაინის საზღვაო გემებზე რუსეთის თავდასხმას გმობს
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის საზღვაო გემებზე რუსეთის თავდასხმას გმობს. ამის შესახებ ქართველი დიპლომატი Twitter-ზე წერს.
"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“, - წერს დავით ზალკალიანი.
Closely following alarming developments in #AzovSea & #KerchStrait. Attack on Ukrainian navy vessels&siezure of them is a blatant violation of Int.maritime law and undermines security of the whole region. Geo fully supports Ukraine's sovereignty&territorial integrity @MFA_Ukraine
— David Zalkaliani (@DZalkaliani) November 26, 2018
ასევე ნატო და ევროკავშირი ქერჩის სრუტეში ვითარების დეესკალაციის მოწოდებით გამოდიან. გუშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო კონტროლის კატარღებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნილი ხომალდები ქერჩის სრუტისკენ დილით გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა.
უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატარღები - „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია.
ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.




