ნანა ქაჯაია
უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა
პოლიტიკა

თემურ მურღულია
ფოტო: ნანუკა ქაჯაია
„უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ გააკეთა. ამით მურღულია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ეს საკითხი 2016 წელს გამოქვეყნებულ 4-წლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი და მომდევნო წელსაც სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ.
თემურ მურღულიას თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი 2 აპრილამდე გამოქვეყნდება, ტენდერი კი 31 მარტს გამოცხადდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გრიფირებასთან დაკავშირებით გამომცემლები და განათლების სამინისტრო 2 საკითხში ვერ შეთანხმდნენ. ”გრიფირების წესი ეხება იმ სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს, რომლებიც სკოლაში 2018/2019 სასწავლო წლისთვის შევა. გამომცემელთა ნაწილი ტენდერის ჩატარების გამო უკმაყოფილოა. გამომცემლების აზრით, ინტელექტუალურ საკუთრებაზე ტენდერის ჩატარება დაუშვებელია, რაც სამინისტროსთვის მიუღებელია. მეორე კატეგორიული მოთხოვნა, რაზეც სამინისტრო გამომცემლობას არ ეთანხმება, გამომცემლების მიერ საჯარო სკოლებისთვის წიგნების სავალდებულო დაბეჭდვის მოთხოვნაა“, - განაცხადა თემურ მურღულიამ.
რაც შეეხება თანხებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამომცემლებთან კომუნიკაციის საფუძველზე, წინა გრიფირებასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი გამომცემლობის საპროგნოზო ღირებულება. ”ეს თანხა დაახლოებით 7.5 მილიონ ლარს შეადგენს და ვვარაუდობთ, რომ კონკურენცია ამ თანხას შეამცირებს”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





