ქეთევან ლაცაბიძე
ვეიონისი: უვიზო რეჟიმი დადებითად აისახება საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე
პოლიტიკა

ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში
ფოტო: ქეთი ფარცხალაძე
"ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო არის ახლო პარტნიორი როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგის დროს. რაიმონდს ვეიონისის თქმით, ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სიმბოლურია, რადგან დღეს შევიდა ძალაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. "ეს იმის დასტურია, რომ რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უვიზო რეჟიმი უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპასთან. ასევე პოზოტიური გავლენა ექნება ლატვია საქართველოს ურთიერთობებზე", - დასძინა რაიმონდ ვეიონისმა. ლატვიის პრეზიდენტმა იხუმრა, რომ მან თბილისში ქარიანი ამინდი ჩამოიტანა, რადგან მისი გვარი ვეიონისი ქარიანს ნიშნავს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომელსაც საქართველო და ლატვია ავითარებს. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც გაგრძელდება. ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით, სამხედრო სფეროში. მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, რომელიც შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობას", - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და იმ პოზიციისთვის, რომელსაც ლატვია აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ.
ერთობლივ პრესკონფერენციამდე ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრები გამართეს, სადაც 4 ხელშეკრულებასა და მემორანდუმს მოეწერა ხელი. სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის შსს მინისტრმა რიჰარდ კოზლოვსიმ. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მეწარმეობის განვითარებისა და ლატვიის ინვესტიციების და განვითარების სააგენტოს შორის. ასევე ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუიკაცუო ასოციაციას შორის.
ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად გუშინ ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რაიმონდს ვეიონისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლეთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდნენ.
ეს, პრეზიდენტის რანგში, ვეიონისის პირველი ვიზიტია საქართველოში.





