საქართველო მონაწილეობას მიიღებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
პოლიტიკა

ჟენევა
საქართველოს დელეგაცია 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე.
ასევე განიხილება ის მძიმე შედეგები, რასაც მოსახლეობისთვის იწვევს აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა. ქართული მხარე ფორუმზე შეეხება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების საკითხს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ერთადერთ ფორმატია, სადაც საუბარი უნდა შედგეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციოს ხაზის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაზე. იმისთვის, რომ სამშვიდობო პროცესები წარმატებით წარიმართოს აუცილებელია რუსეთის ფედერაციამ უარი თქვას ძალის გამოყენებაზე და ხელი შეუწყოს აღნიშნულის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება ნაკისრ ვალდებულებებსა და მოლაპარაკებების პროცესს და არსებით მონაწილეობას მიიღებს ორივე სამუშაო ჯგუფის განხილვებში, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





