ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო
პოლიტიკა

ქუთაისი
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო.
პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს, ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობისათვის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და უნივერსიტეტის რექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
"თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბიბლიოთეკაში განთავსდება თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით, სამკითხველო დარბაზები, იშვიათ გამოცემათა განყოფილება. იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში განთავსდება ბიბლიოთეკაში დაცული ძველი და უნიკალური წიგნები, საგამოფენო სივრცე, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამსახური, ასევე, დიგიტალიზაციის სამსახური", - განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ბიბლიოთეკას ტენდერში გამარჯვებული საწარმო „იმერეთი“ აშენებს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.





