მანანა გაბელია
პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა

კახა კალაძე და მაია ცქიტიშვილი
ფოტო: მანანა გაბელია
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის განხორციელების შედეგად დედაქალაქს კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკის დაყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებადაა დაგეგმილი.
პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკი მზიურის აღდგენა-მოწყობასაც ითვალისწინებს. ასევე განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. მათ შორის პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობები საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაიქცევა.
„მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, მზიურის ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც „თოჯინების მუზეუმი“ განთავსდება. კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, დაცულია კულტურული მემკვიდრეობის 2714 ექსპონატი. მუზეუმის პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორას, საგანმანათლებლო ცენტრს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ითვალისწინებს ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების პროექტს, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე დამატებით ხე-მცენარეები დაირგვება.
რეაბილიტაციის ფარგლებში „მზიურში“ აშენდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკე ავეჯი.
სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.





