imedi
თბილისში ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
პოლიტიკა

ფოტო: სანდრო ჯუფალაკიანი
თბილისის მერია, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად, 26 და 27 მარტს ღონისძიებებს გამართავს.
26 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები "ახალ ტფილისში" 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართველი DJ-ების გამოსვლები.
აღმაშენებლის ქუჩაზე ორი საბავშვო სივრცეც მოეწყობა. მერიაში აცხადებენ, რომ 26 მარტის ღონისძიებებს კონცერტი დაასრულებს, რომელზეც ევროპული მუსიკა გაჟღერდება.
27 მარტს , 21:00 საათზე კი ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გალა კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით და ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას, 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში ყოფნას, 28 მარტიდან შეძლებენ.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი 1 მარტს მოეწერა. 8 მარტს გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.





