ბრიუსელში მიხეილ ჯანელიძე სენატორებს მაკკეინსა და ჯონსონს შეხვდა
პოლიტიკა

ბრიუსელი, შეხვედრა
ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და რონ ჯონსონთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერის გამო და იმისთვის, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატორი მაკკეინი და მისი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდნენ.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები, ბოლო პერიოდში საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ს ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ წრეებთან.
სენატორი მაკკეინი მიესალმა საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და დაიგმო რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა, საქართველოს რეგიონების ანექსიის გამო.
სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება.





