ხათუნა მაისურაძე
ადვოკატი: დაკავებული გორგილაძე ბათუმის აქციაში არ მონაწილეობდა
პოლიტიკა

ზაზა პაპიძე ადვოკატი
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გოდერძი გორგილაძის ადვოკატი ამბობს,რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქციაში არ მონაწილეობდა.ზაზა პაპიძის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.მისივე თქმით, გორგილაძე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ელოდა, რადგან ის თურქეთში საქმიანობდა და დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე საზღვარზე არ გადაუშვეს. გორგილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აქციის ღამეს დააკავეს და 5-დღიან პატიმრობაშიც იმყოფებოდა.
გამოძიება 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, მასობრივი არეულობისა და პოლიციელებზე, სხვა სახელმწიფო მოხელესა და საჯარო შენობაზე თავდასხმისთვის სამი პირი, მათ შორის გოდერძი გორგილაძე გუშინ დააკავეს. ამ დროისთვის ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში 15 პირია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. კიდევ ერთ არასრულწლოვანს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე - რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე დაუმორჩილებლობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





