მაგდა სარსევანიძე
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 13 მილიონი დაიხარჯება
პოლიტიკა

გიორგი იაკობაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
ფოტო: მაგდა სარსევანიძე
საქართველოს მთავრობამ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონიტორინგს ჩაატარებს. დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლების გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი.
მავნებლების წინააღმდეგ განთავსდება დამჭერი ხაფანგები და მოხდება ქიმიური შესხურება. ამისთვის, პრეპარატები და ტექნიკა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. შეწამვლის სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებენ. სულ შეიწამლება 48 544 ჰექტარი.
აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი). აზიურმა ფაროსანამ ძირითადი ზიანი მეთხილეობას მიაყენა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 13 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები მაის-ივნისში დაიწყება.





