ბოლტონი: არ ვიცი, როდის დასრულდება საქართველოში ელჩის შერჩევის პროცესი
პოლიტიკა

ჯონ ბოლტონი
ფოტო: youtube
ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნაზეც ილაპარაკა.
„არ ვიცი, როდის დასრულდება ელჩის შერჩევის პროცესი. ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად უძღვება ამერიკის საელჩოს, ვიდრე ახალი ელჩი დიანიშნება, რაც სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება”, - განაცხადა ბოლტონმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს ელჩების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ამ პროცესში არ ერევა. "არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს", - ასე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აშშ-ს საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა, ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დაიწუნეს.
Foreignpolicy-ს ცნობით, ელჩის დანიშვნის პრობლემა აშშ-ს სხვა ქვეყნებშიც აქვს. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ სენატში მჯდომი დემოკრატებს სულ მცირე 60 თანამშრომელის კანდიდატის წაყენება სურთ, რის გამოც პარტიებს შორის აზრი იყოფა და ამის გამო „დრო იწელება“.
რაც შეეხება ბოლტონს, მან უკვე გამართა მაღალი რანგის შეხვედრები.
„მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხებოდა რეგიონში არსებულ სიტუაციას და საქართველო-ამერიკის ორმხრივ თანამშრომლობას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკის ურთიერთობას საქართველოსთან. საქართველო ჩვენთვის არის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანა. კვლავ მინდა დავადასტურო აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. პრემიერ-მინისტრსა და მის უსაფრთხოების გუნდთან ერთად ვისაუბრეთ ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას. ეს იყო ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრები", - თქვა მან.





