ნუცა ტრაპაიძე
სესიაშვილი: ნაციონალური მოძრაობის განცხადება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი
ფოტო: ნუცა ტრაპაიძე
"რამდენიმე წელია რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გადაზიდვის შესახებ", - ამ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" აკეთებენ. ირაკლი სესიაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ოპონენტებს ურჩევს განცხადებებისა და ბრალდებებისგან თავი შეიკავონ.
სესიაშვილი ამბობს, "რომ ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს გავლით ტექნიკის გადაადგილების შესახებ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისათვის.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ოფისში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კოლონას, რომლის ფოტო-ვიდეომასალაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმოადგინა, თოვლმავლები გადაჰყავდა. ამის შესახებ რუსულ კომპანია "მაგნაპაკში" აცხადებენ. სწორედ ამ კომპანიამ შეფუთა ტექნიკა საქართველოში მის გამოგზავნამდე. შესაბამისი ფოტომასალა "მაგნაპაკის" ინსტაგრამსა და ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი კვირის წინ, 14 მარტს გამოქვეყნდა.
ფაქტს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა იყო.





