imedi
თავდაცვის სამინისტრო სომხეთისკენ რუსული სამხედრო ტექნიკის ტრანზიტს უარყოფს
პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და უარყოფს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
უწყების ინფორმაციით, ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა. "თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და, შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამავე საკითხს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული ტექნიკა ბელორუსის მოქალაქეებს გადაჰყავთ, თუმცა, ის მხოლოდ სამხედრო-სამაშველო ტექნიკაა, რომელიც სამაშველო საქმიანობისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ტექნიკის ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.





