ნინო არღვლიანი
სოფრომაძე: დოკუმენტი თუ გადაკეთებულია, რუსთავი-2-მა პროკურატურას უნდა მიმართოს
პოლიტიკა

კახა სოფრომაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
"რუსთავი 2"-ის იურისტების განცხადებაზე, რომ მათ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ საქმის მასალებზე ნუმერაცია გადაკეთებულია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღი კი შეცვლილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
სოფრომაძის თქმით, თუ "რუსთავი 2"-ის საქმეში დოკუმენტი გადაკეთებულია, "არხის ჟურნალისტებს არ ეშლებათ პროკურატურისკენ გზა".
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ დოკუმენტაციის გაყალბებას სასამართლო განაჩენით ადგენს. შესაბამისად, პასუხისგებაში მიეცემა ის ადამიანი, ვინც გააყალბა. ვერც არასამთავრობოები, ვერც ჟურნალისტები და ვერც არაკომპეტენტური და არაუფლებამოსილი პირი ვერ იტყვის, გაყალბებულია თუ ნამდვილია ესა თუ ის დოკუმენტი, სანამ არ დადგება გამოძიების შედეგი", - განაცხადა სოფრომაძემ.
21 მარტს, "რუსთავი-2"-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღის შეცვლის შესახებ განაცხადა.
"მოსამართლეები უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლას შეეცადნენ იმ განცხადებით, რომ თითქოსდა, ისინი მუშაობდნენ რამდენიმე თვე უკვე და არა 3 დღე. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ძველი თარიღით დოკუმენტის ჩადება საქმის მასალებში და გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან გარკვეულწილად კიდევ უფრო გაგვიღრმავდა ეჭვები ამ დოკუმენტის თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, "რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.





