ნინო არღვლიანი
თამარ ალანია: შემიძლია პრეტენზია განვაცხადო ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე
პოლიტიკა

თამარ ალანია
ფოტო: ნინო არღვლიანი
იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრი თამარ ალანია სტრასბურგის მოსამართლედ საკუთარ შანსებს პოზიტიურად აფასებს. მოსამართლე ამბობს, რომ მისი კვალიფიკაცია აძლევს პრეტენზიას გახდეს ევროპის სასამართლოს მოსამართლე.
"მე გახლავართ მოქმედი მოსამართლე 11-წლიანი გამოცდილებით, მაქვს სტრასბურგში მუშაობის გამოცდილება იურისტად, გავიარე სპეციალური კონკურსი, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩაატარა, სადაც გავიმარჯვე. შესაბამისად 6 თვე ვიყავი მივლინებული სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი გამოცდილება მაძლევს უფლებას, რომ განვაცხადო პრეტენზია აღნიშნულ თანამდებობაზე", - განაცხადა ალანიამ.
თამარ ალანიამ და ყოფილმა მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ეროვნულ დონეზე შესარჩევ ახალ კონკურსში მონაწილეობაზე იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 14 მარტს მიმართეს. კონკურსში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც მონაწილეობს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ამრჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სია - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი - 24 იანვარს ჩააგდო. სია თავიდან არის წარსადგენი. ხელახალი კონკურსი აპრილამდე უნდა ჩატარდეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.





