როგორ გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები სახლის პირობებში. რჩევა
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად” იწოდება. ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია. ოქტომბრის თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კამპანია ეწყობა, რომლის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ძუძუს კიბოს სიმპტომებსა და მის რისკებზე.
სპეციალისტების განმარტებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.
სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:
გენეტიკურ წინასწარგანწყობა;
აბორტები;
რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;
ჰორმონული დისბალანსი;
ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
რადიაქტიული ზემოქმედება;
სპეციალისტები ასევე ავრცელებენ რეკომენდაციას, როგორ შეიძლება გაიგოს ქალმა აქვს თუ არა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები.
ეს ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალებაა, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ძუძუს თვითგასინჯვაა.
თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით სარკის წინ, ამ დროს ფასდება სარძევე ჯირკვლის ფორმის, ზომის, ფერისა და კონტურის ცვლილება.
„დადექით სარკის წინ. გულდასმით დაათვალიერეთ ძუძუს კანი, ხომ არ აღინიშნება შეშუპება, შეჭმუხვნა, ფერის შეცვლა. დაათვალიერეთ ძუძუს დვრილები, რომ არ გამოგეპაროთ ჩაბრუნება, დაწყლულება, ფერის შეცვლა.
შემდგომი ორი ნაბიჯი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ძუძუს ფორმისა და კონტურის ნებისმიერი ცვლილება; ამ პოზიციებში კუნთები დაჭიმული უნდა გქონდეთ.
მეორე ეტაპი არის პალპაცია, ანუ მდგომარეობის შეფასება შეხებით. ამ დროს ვაფასებთ სარძევე ჯირკვლის კონსისტენციას, სიმკვრივეს, შეშუპებას, კვანძების არსებობას.
ძუძუს თვითგასინჯვა:
პალპაციის ჩატარება შეგვიძლია შეჯგუფებული თითების მოძრაობით. თითებს ვამოძრავებთ წრიული, რადიალური ან ვერტიკალური მიმართულებით.
2.დადექით სარკესთან ახლოს, ხელები კეფაზე შემოიწყვეთ და წინ წამოწიეთ;
3.შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და მკერდის კუნთები. დაიხარეთ სარკის წინ 90 გრადუსით და კიდევ ერთხელ დაითვალიერეთ ორივე ძუძუ გულდასმით.
მე-4 და მე-5 ნაბიჯის განსახორციელებლად საუკეთესო ადგილს აბაზანა წარმოადგენს. გასაპნული თითები კანზე სრიალის დროს აიოლებს ძუძუს შიდა სტრუქტურის უკეთ შეგრძნებას.
4.მარცხენა ხელი კეფაზე დაიდეთ. მარჯვენა ხელის სამი თითის (საჩვენებელი თითის, შუა თითისა და არათითის) წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისაკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა შეძლოთ ღრმად მდებარე წარმონაქმნის გასინჯვა. განსაკუთრებული ყურადღება ძუძუდან იღლიამდე მიდამოს და იღლიის ფოსოს მიაქციეთ. იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ძუძუზე.
5.გამონადენის გამოსავლენად, მსუბუქად მოუჭირეთ ძუძუს დვრილს საჩვენებელი და ცერა თითით.
6.მე-4 და მე-5 ნაბიჯის განხორციელება ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიცაა შესაძლებელი. დაწექით ზურგზე, მარცხენა ხელი თავქვეშ მოათავსეთ, ბეჭების ქვეშ კი ბალიში ან მჭიდროდ დახვეული პირსახოცი.
ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემჩნევისას უნდა ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, განმარტავენ სპეციალისტები.




