ლეილა ჯავახიშვილი
პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის სესიაზე დღეს განიხილავენ
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი
ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას აპირებს. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, კანონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაშია. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე განიხილეს და არ გაიზიარეს.
ამასთან, მოსმენების კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მესამე სექტორში იმედოვნებენ, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონს სასამართლო არაკონსტიტუციურად გამარტივებული წესით ცნობს. ამის შემდეგ კი არასამთავრობოები სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას განიხილავენ. კანონთან დაკავშირებით თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვთ ოპოზიციაშიც. საპარლამენტო უმცირესობაში ცვლილებათა პაკეტს ანტისაზოგადოებრივს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყნის იმიჯიც დაზიანდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ კანონი ერთგვარი პოლიტიკური კონტროლის იარაღია და ის ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება.
პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ კანონი გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.
უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები.





