ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს
პოლიტიკა

ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც ხის მასალების მაღაზიის ერთ-ერთმა მფლობელმა გურგენ ქარდავამ განაცხადა, მას ტერიტორია დაქირავებული აქვს და ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით ქირას იხდიდა.
მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ პირადად მას საქონელი დაზღვეული არ ჰქონია, შესაბამისად, არ იცის როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, გურგენ ქარდავა აცხადებს, რომ დილის 7:00 საათზე, როდესაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, მხოლოდ დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ელექტრიკოსი უნდა ყოფილიყვნენ.
ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ დაზღვევა კერძო კომპანიაში აქვთ და ამჟამად ცდილობენ, რომ დაზღვევას დაუკავშირდნენ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





