ლევან სულაშვილი
აფხაზური მხარე ლუკავას შეწყალებას არ ადასტურებს
პოლიტიკა

ფოტო: ლევან სულაშვილი
გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, აფხაზური მხარე გიორგი ლუკავას შეწყალებას არ ადასტურებს.
"არც გაცვლაზეა საუბარი. ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. შეხვედრაზე ე. წ. საზღვარზე დაკავებებზე ვისაუბრეთ, რაზეც ჟენევაშიც ვიმსჯელებთ. რაც შეეხება დაკავებულებს, 10 დღეში 3 ქალბატონს გაათავისუფლებენ", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
ლუკავას მეუღლის თქმით, ქართული მხარე ცრუობს, მისი მეუღლე შეწყალებულია.
გიორგი ლუკავა "იმედთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ის აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებამ 2 თვის წინ შეიწყალა - "ელოდებიან ქართულ მხარეს. გაცვლა უნდა მოხდეს. ვიღაცას ითხოვენ. ერთი მეომარი ვერ გაიყვანეს და ისეთი გაცვალეს, ვინც საქართველოში შესაშვები არ არის".
ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდის. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე - გუდაუთაში მკვლელობებშიც. მას 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს, 2015 წლის დეკემბერში კი, ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდეს. 2016 წლის მარტში ტყვეთა გაცვლისას ლუკავა ბოლო მომენტში საკანში მიაბრუნეს. მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა. ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. პირველი 3-წლიანი პატიმრობა 1999 წელს დასრულდა, ტყვეთა გაცვლით.





