ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს
პოლიტიკა

ევროპარლამენტი
ფოტო: youtube
ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს. დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მანამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს ანგარიშის პროექტში შესატან შესწორებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე მომზადდა.
ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას არსებული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას. ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.
ანდრეს მამიკინსის ანგარიში სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, ნათქვამია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა საუბარია რეკომენდაციებზეც.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დოკუმენტს კენჭი ნოემბერში უნდა უყარონ.




