ვიქტორ დოლიძე იმ რისკებს ასახელებს, რასაც, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოჰყვეს
პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდა, 90-დღიანი ვადის დარღვევა და კრიმინალი, რომელსაც ქართველები ევროპის ქვეყნებში სჩადიან, - ეს არის ის 3 რისკი, რომელსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა "იმედის დროში" ილაპარაკა.
"ვთხოვ თანამოქალაქეებს, არ გამოიყენონ უვიზო რეჟიმი თავშესაფის საძიებლად, რადგან ევროკავშირის უკვე ხუთი ქვეყანა ცნობს იმას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგშია შესული. კარგი იქნება, თუ ამ მხრივ მიმართვიანობა შემცირდება. ასევე, ვთხოვ მათ, რომ არ დაარღვიონ ვადა, რომელსაც მათ უვიზო რეჟიმი ანიჭებს. ვიზალიბერალიზაცია მთელი ქვეყნის მონაპოვარია და ამას უნდა გავუფრთხილდეთ", - თქვა ვიქტორ დოლიძემ.
მინისტრმა, ასევე, განმარტა, რომ ახალი რეჟიმი ემიგრანტებს არ შეეხება. მისი თქმით, ლეგალურად თუ არალეგალურად საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით ლეგალურად საზღვარგარეთ ყოფნის შესაძლებლობა არ მიეცემათ.





