გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებას უპასუხა
პოლიტიკა

გიორგი მიქაუტაძე
ფოტო: არქივი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა დღეს გიორგი მიქაუტაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა „მიქაუტაძე ცდილობს, გამოიყენოს ესოდენ გავლენიანი მდგომარეობა და პრივილეგირებულად მოისხას მოსამართლის მანტია უვადოდ, ანუ, პოტენციურად, იგი მოსამართლე იქნება 2047 წლამდე. აუცილებელია, სწორი შეფასებები მიეცეს გიორგი მიქაუტის საქმიანობას, როგორც ერთ-ერთ გავლენიან პირს სასამართლო სისტემაში და დაისვას კითხვა - აქვს თუ არა მას მორალური უფლება გახდეს მოსამართლე უვადოდ, და იყოს სასამართლო სისტემის ნაწილი მომავალი 29 წლის განმავლობაში", - თქვა ჯანეზაშვილმა.
გიორგი მიქაუტაძე საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობას ბუნებრივ პროცესს უწოდებს.
„ის, რომ უვადოდ მსურს გავხდე მოსამართლე, ეს ნორმალურია. 10-წლიანი ვადა ნელ-ნელა იწურება და მაქვს სურვილი, რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში. მე ვარ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მაქვს პრეტენზია, რომ გადავინიშნო მოსამართლედ უვადოდ. ამის ერთადერთი საშუალება არის კონკურსში მონაწილეობა. მიზანშეწონილია, იცოდე, შენს კარიერას რა ბედი ელის ერთი-ორი წლით ადრე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.





