imedi
კობახიძე: საარჩევნო ბლოკები პარტიების გაძლიერებას ხელს უშლის
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" პირაპირ ეთერში თქვა.
ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა წაართმევს თუ არა პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსს, კობახიძემ განაცხადა: "საარჩევნო პროცესის ერთადერთი სუბიექტი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს. ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ წლების განმავლობაში ბლოკები ხელს უშლიდა პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. თუ ასე გაგრძელდა, ძლიერ პარტიებს ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ გვაქვს პარტიები, რომლებიც 1-2 კაცს აერთიანებს და მათ სურთ პარლამენტში მოხვედრა. წინა ხელისუფლებებს პარტიული სისტემის გაძლიერება არ აწყობდათ და ბლოკის ინსტიტუტიც ამიტომ არსებობდა. ჩვენ გვინდა, საქართველოში ჩამოვაყალიბოთ ძლიერი პარტიული ინსტიტუტი, რომელიც ქართულ დემოკრატიას წაადგება".
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია იზიარებს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას პრეზიდენტის რეგიონული წარმომადგენლობით არჩევის შესახებ. "ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ამ წინადადებაზე და ამ პრინციპის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ იმ საარჩევნო პროცედურას, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებისთვის უნდა დადგინდეს", - თქვა კობახიძემ.





