დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის მოვლენებში ბრალდებული კიდევ 8 პირი დააკავეს
პოლიტიკა

ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის საქმეზე კიდევ 8 პირი დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტეს, ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვთ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
ამ საქმეზე 6 ადამიანია დაკავებული, სასამართლომ ისინი გუშინ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მეორე არასრულწლოვანს კი სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





