დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში, ეკომიგრანტებისთვის აშენებულ შენობაში, სოცდაუცველები შეიჭრნენ
პოლიტიკა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში, ბენზეში, თამარის დასახლებაში, ეკომიგრანტებისთვის აშენებულ შენობაში ხალხი შეიჭრა.როგორც თვითონ აცხადებენ, მათი ნაწილი სოციალურად დაუცველი, ნაწილი კი მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანებია.
ამ დროისთვის შენობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებიან. მათთან ერთად არიან პოლიციის თანამშრომლებიც. პოლიცია, ასევე, მობილიზებულია შენობის მთელ პერიმეტრზე. აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შენობის ყველა ოთახი ბენეფიციარებზე უკვე განაწილებულია, შესაბამისად, შეჭრილებს შენობაში ვერ დატოვებენ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იქ მყოფ ადამიანებს საკითხის ინდივიდუალურ რეჟიმში შესწავლას და პრობლემის გადაწყვეტას ჰპირდებიან.
როგორც შენობაში შეჭრილები აცხადებენ, მათ ყველა ოთახი უკვე დაიკავეს. შეჭრილთა ნაწილი შუახევიდან, სოფელ ბუთურაულიდანაა, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს, ნაწილი კი ბათუმსა და ქობულეთში ქირით მცხოვრები ხალხია. ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ქირის გადახდა არ შეუძლიათ.
შენობა, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ცხრასართულიანია და იქ ეკომიგრანტები, სარემონტო სამუშაოების გამო, ჯერ არ შეუსახლებიათ.





